LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მადლიერება და პატივისცემა გამოვხატეთ ქუთაისის მიმართ ჩვენი სიყვარულისთვის…“ – ქუთაისელი წყვილის ემოციური ქორწილი, პატარძლის სიტყვა, რომელიც დილის 5 საათზე დაწერა და სიძის ცრემლები

24019
ქუთაისელი წყვილის ემოციური ქორწილი

ახლახან გრაფიკული დიზაინერი კესო გველესიანი და მისი რჩეული, გიორგი დეისაძე დაქორწინდნენ. ქორწილი თბილისში შედგა, რომლის ორგანიზებაც საკუთარ თავზე დიზაინერ ნათია გურეშიძის კომპანიამ Flowers Lovers აიღო. განსაკუთრებულად დიდი გამოხმაურება გამოიწვია პატარძლის ემოციურმა მიძღვნამ და ჩანახატმა საკუთარი მეორე ნახევრის მიმართ. კესო გველესიანი fortuna.ge-ს ესაუბრა საკუთარი ქორწილის შესახებ.

კესო, თქვენი ქორწილის კადრებმა ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. დავიწყოთ თავიდან და მოვყვეთ, როგორ გაიცანით თქვენი მეორე ნახევარი? სად შეხვდით ერთმანეთს, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ამბავი?

ჩვენ ერთმანეთი 10 წლის წინ გავიცანით ქუთაისში, თუმცა შემდეგ აღარ შევხვედრივართ. შემდეგი გაცნობა 2 წლის წინ მოხდა, ისევ ქუთაისში, გიოს მეჯვარის თაზოს ბარ-რესტორან „მუზეუმში”. გიო თაზოს ახლო მეგობარია, ასევე იმ პერიოდში მღეროდა მუზეუმში. თაზო იყო ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს ურთიერთობაში. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, წელიწადზე მეტი მე თბილისში ვცხოვრობდი, გიო კი ქუთაისში. ხელის თხოვნის შემდეგ გიოც თბილისში გადმოვიდა.

როგორი იყო ხელის თხოვნა?

ხელის თხოვნას რაც შეეხება, ახალ წელს მამაჩემის სანახავად წავედით და სწორედ იქ მთხოვა ხელი, მამასთან ერთად. საერთოდ არ ველოდებოდი…

ხელის მოწერის ცერემონია განსაკუთრებულად კრეატიული აღმოჩნდა. როგორ მოიფიქრეთ ის დეტალები, რაც მოგვიანებით ვიდეოს სახით გავრცელდა, სადაც თქვენს მეორე ნახევარს მიმართავთ და როგორ დაწერეთ ეს სიტყვა? 

ქორწილი თბილისში გაიმართა, ხელის მოწერა გვქონდა ქუთაისში, გვირილობას. ამით მადლიერება და პატივისცემა გამოვხატეთ ქუთაისის მიმართ ჩვენი სიყვარულისთვის. ქორწილის დეტალებს 8 თვე ვგეგმავდი, საკმაოდ ორგანიზებული ადამიანი ვარ, მიყვარს დეტალებზე ორიენტირება და დიდი დრო მქონდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დამეგეგმა. ზარი, რომელიც ცერემონიაზე გამოსვლამდე გაისმა, გიოსთვის მოულოდნელი იყო, იცოდა რომ მხოლოდ მუსიკაზე გამოვდიოდი. 14 თებერვალს დილის 5 საათზე ვწერდი ამ სიტყვებს, თან ვტიროდი და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ქორწილის დღე, რომ გიოს მოესმინა.

ისეთი ქორწილი თუ გამოვიდა, როგორსაც ელოდით და როგორი გამოხმაურება გაქვთ სტუმრების მხრიდან? 

ქორწილი ნამდვილად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდი, სტუმრები იყვნენ ძალიან ჩართულები, რამაც დიდი როლი ითამაშა. ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივუღე სტუმრებისგან, როგორც კაბაზე, ასევე მთლიან დღეზე. ამბობენ, რომ ასეთ ქორწილში დიდი ხანია არ ვყოფილვართო. მიუხედავად იმისა რომ პატარა ქორწილი იყო, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დასამახსოვრებელი ყოფილიყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სტუმრებისთვის.

აუცილებლად უნდა ვახსენო კაბა, კაბას ყველა ელოდებოდა და სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ყველას ასე მოეწონებოდა. ერთია ჩემი გემოვნება, მეორე – ადამიანებს რამდენად შეუძლიათ ამის გაზიარება. კაბა შევიკერე „ბამანეში“ და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მათი იმ დამოკიდებულებისთვის, ემოციებისთვის, რაც თუნდაც მუშაობის პროცესში მომანიჭეს და ყველას ასე შეაყვარეს ჩემი კაბა.

სად ატარებთ თაფლობის თვეს? იქიდანაც მოგვამარაგებთ კრეატიული ვიდეოებით?

თაფლობის თვის გატარება იტალიაში გადავწვიტეთ, უკვე სიცილიაში ვართ. რაც შეეხება ვიდეოებს აქედან, სიმართლე გითხრათ, ჯერ არაფერი დამიგეგმავს, მინდა, დავისვენო რადგან ჯერ კიდევ ბევრი მაქვს მოსაყოლი ქორწილის დეტალებზე…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები