10 სექტემბერს, თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.
ბრალდების მხარის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა.
საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ასეთი ექსპერტიზა ყველა მკვლელობის საქმეზე ინიშნება.
„მკვლელობის ყველა საქმეზე ინიშნება ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ეს საქმეც არ არის რამე ფორმით გამონაკლისი. იმისათვის, რომ ყველანაირი ეჭვი გამოირიცხოს, ბრალდების მხარის მიერ ექსპერტიზის დანიშვნა მოხდა”, – თქვა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, 17 წლის არასრულწლოვანის, დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმეზე მისივე თანატოლი, დ.პ. დააკავეს.
ბრალდების თანახმად, მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. საქმის პროკურორის თქმით, არასრულწლოვანს მრავალფეროვანი კრიმინალური წარსული აქვს და ის დაკავებისას გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა. არასრულწლოვანს დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
