10 სექტემბერს, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ეკა მხატვრიშვილი შვილის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მოქალაქეებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
„თქვენ დიდი ძალა მომეცით“ – ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა კუპატაძეს მიმართავს
„უდიდესი მადლობა ყველას ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, გვერდით დგომისთვის, ღმერთმა სიკეთე მოგცემთ ყველას. უდიდესი მადლობა გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოებს, მათმა სამძიმარმა ძალა მომცა.
ეს სურათი არის გადაღებული წინა დღეებში, სულ ასე ხელგადახვეული დავყავდი ჩემს სუნთქვას. მადლობა ყველას, სიკეთით გადამეხადოს ყველასთვის ეს პატივისცემა“, – წერს ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, 17 წლის არასრულწლოვანის, დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმეზე მისივე თანატოლი, დ.პ. დააკავეს.
ბრალდების თანახმად, მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. საქმის პროკურორის თქმით, არასრულწლოვანს მრავალფეროვანი კრიმინალური წარსული აქვს და ის დაკავებისას გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა. არასრულწლოვანს დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
