მოკლული დავით ნარიმანიძის ოჯახის ახლობელი მაკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მადლობას უხდის საზოგადოებას იმ თანადგომისა და ტკივილის გაზიარებისთვის, რაც მათთვის დავით ნარიმანიძის გარდაცვალებამ გამოიწვია.
ოჯახის ახლობელი წერს, რომ პირი, რომელსაც დავითის მკვლელობა ედება ბრალად „ვერ გამოძვრება!“.
„დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ჩვენი დათუნა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პირადად თუ შორიდან გვაგრძნობინა თანადგომა და გაიზიარა ჩვენი ოჯახის უდიდესი ტკივილი. თითოეული კომენტარი, მოწერილი თუ სხვა ფორმით გამოხატული ემოცია ვნახე და ბოდიშს გიხდით, რომ ინდივიდუალურად ვერ გიპასუხეთ. მართლა უდიდესი ძალა ჰქონია ასეთ დროს თანადგომას. მადლობა კიდევ ერთხელ.
რაც შეეხება დათოს მკვლელობის საქმეს – ერთი წამითაც არ იფიქროს ვინმემ, რომ შერჩება. ადვოკატის ნათქვამი რაღაცები მითხრეს, ვითომ მტკიცებულებების ნაკლებობაზე და მინდა იცოდეს, რომ დაცვის მხარის ყველა სტრატეგია მაქვს გაანალიზებული და პასუხი ყველაზე ერთია: ვერ გამოძვრება! მშვიდობიანი ღამე ყველას“ – წერს სოციალურ ქსელში თბილისში მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის ოჯახის ახლობელი.
