ექიმი, დერმატო-კოსმეტოლოგი, გიკა შავიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს კოსმეტიკური პროცედურის შედეგად რა ზიანი მიადგა ერთ-ერთ პაციენტს.
ექიმი ამბობს, რომ ქალბატონმა დასახმარებლად სწორედ მას მიმართა. საუბარია ტუჩის შესავსებლად E ვიტამინის გამოყენებაზე, როდესაც 29 წლის პაციენტს უამრავი პრობლემა, მათ შორის ქსოვილოვანი იშემია და ტოქსიკური ნეკროზი განუვითარდა.
შავიშვილის თქმით, პაციენტმა უამრავი ტანჯვა და ტკივლი გამოიარა. ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს, არ გამოიყენონ E ვიტამინი და არ ჩაუტარონ ექსპერიმენტები საკუთარ სხეულს:
„ზოგადად თავს ვიკავებ მსგავსი უარყოფითი თემების გამოფენისგან, მაგრამ ეს უკვე იმდენად ხშირია, დაზიანებული, არასწორად გაკეთებული პროცედურები, რომ იძულებული ვარ ჩემი პრაქტიკიდან ერთ-ერთი მათგანი გამოვაქვეყნო. ამ ყველაფერს კი იმისთვის ვაკეთებ, რომ მომავალში, ვისაც არ აქვს ინფორმაცია და არ იცის რა შედეგი მოჰყვება ამას, აღარ გაიმეორონ.
საქმე ეხება E ვიტამინს. 29 წლის პაციენტმა ტუჩის არეში, რბილ ქსოვილში ინექციის სახით გაიკეთა E ვიტამინი. ეს არის ზეთოვანი ხსნარი, რის შედეგადაც მიიღო ანთებითი პროცესი, რასაც ახლავს ქსოვილების იშემია, გრანულომები, დესტრუქცია, რასაც ნათლად ხედავთ ვიდეომასალაზე, რა ემართება ქსოვილს, როდესაც მასში E ვიტამინი ხვდება.
გრანულომატოზური ანთება, როდესაც ორგანიზმი ზეთოვან სუბსტანციას ვერ ინელებს, E ვიტამინი არ იშლება, არ მეტაბოლიზდება ქსოვილში ისე, როგორც ფილერი, თქვენთვის კარგად ნაცნობი ჰიალურონის მჟავა. იმუნური სისტემა ცდილობს მის იზოლირებას, რის შედეგადაც ყალიბდება მრავალბირთვიანი, გიგანტური უჯრედები, მტკივნეული გრანულობები, დიფუზიური ფიბროზი, ქსოვილოვან იშემიასა და ტოქსიკურ ნეკროზებზე აღარაფერს ვიტყვი, შესაძლებელია ქსოვილმა კვდომაც კი განიცადოს.
ეს იყო უზარმაზარი შრომა, მრავალი ვიზიტები ჩემთან და ჩემი მხრიდან მრავალი პროცედურა – აპარატურული მეთოდი, ჩირქოვანი ინფილტრატების ამოტუმბვა, კანულით დიდი ქსოვილების დაშლის შემცრება და აპარატურით შემდგომ დამუშავება, უამრავი ტანჯვა და ტკივლი გამოიარა პაციენტმა, დაეხარჯა ფინანსები, დრო, ნერვები… გადავარჩინე პაციენტი ქირურგიული ჩარევენისგან, ნაკერებისგან და ჭრილობებისგან.
გარკვეული დროის შემდეგ კი პაციენტმა უკვე ესთეტიური კუთხით მომმართა და საბოლოოდ პაციენტმა დაიბრუნა სილამაზე.
ნუ გააკეთებთ ექსპერიმენტებს თქვენს სხეულზე!“ – ამბობს სპეციალისტი ვიდეოში.
