კინოსტუდიამ – Paramount Pictures ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2013 წლის ფილმის – „მსოფლიო ომი Z“ გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო. კინოსურათში მთავარ როლს კვლავ ბრედ პიტი შეასრულებს. იგი ასევე ფილმის პროდიუსერადაც მოგვევლინება საკუთარ კომპანია, Plan B Entertainment-თან ერთად.
ახალ პროექტს სათავეში ოსკაროსანი რეჟისორი, ედვარდ ბერგერი ჩაუდგება, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმებით – „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და „კონკლავი“. სცენარზე დრამატურგი, დენის კელი მუშაობს.
ამ ეტაპზე სიქუელის სიუჟეტის დეტალები და ეკრანებზე გამოსვლის ზუსტი თარიღი გასაიდუმლოებულია.
შეგახსენებთ, რომ World War Z არის პოსტაპოკალიფსური თრილერი, რომელიც მოგვითხრობს ზომბი-ეპიდემიის შედეგად გამოწვეულ გლობალურ ქაოსსა და კაცობრიობის გადარჩენის მცდელობაზე. კინოსურათმა მსოფლიო მასშტაბით 540 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და დღემდე ბრედ პიტის კარიერაში ყველაზე შემოსავლიან პროექტად ითვლება.