LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბილბორდის ცხელ ასეულში” ისტორიული რეკორდი მოიხსნა – ელა ლენგლიმ მერაია ქერის გადაასწრო

156
photo-collage.png - 2026-09-23T174119.702

ელა ლენგლიმ ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” ისტორია გადაწერა. მომღერლის სინგლმა – Choosin’ Texas საკულტო ჩარტის პირველ ადგილზე 23-ე კვირა აითვალა, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა.

ამ შედეგით სიმღერა ჰიტ-აღლუმის 68-წლიან ისტორიაში ოფიციალურად გახდა ყველაზე ხანგრძლივად პირველადგილოსანი ჩანაწერი.

ამრიგად, ჩარტის პირველ ადგილზე 23 კვირა იქცა ყველაზე ხანგრძლივ პერიოდად, რაც კი რომელიმე სიმღერას ლიდერ პოზიციაზე ოდესმე დაუფიქსირებია.

აღსანიშნავია, რომ ელა ლენგლიმ უკან ჩამოიტოვა მერაია ქერის საშობაო კლასიკა – All I Want for Christmas Is You, რომელიც პირველ პოზიციას ჯამში 22 კვირის განმავლობაში იკავებდა.

მუსიკალური კრიტიკოსები უკვე აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენ ხანს შეძლებს Choosin’ Texas ლიდერობის შენარჩუნებას და მოახერხებს თუ არა მერაია ქერი პოზიციის დაბრუნებას მომავალ სადღესასწაულო სეზონზე.

ისტორიულ მიღწევას 27 წლის არტისტი სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავს წარმატებაზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდა.

Choosin’ Texas, რომელიც ელა ლენგლიმ ქანთრი მუსიკის ვარსკვლავ, მირანდა ლამბერტთან ერთად დაწერა, გასულ წელს მომღერლის სადებიუტო ალბომის – Dandelion წამყვანი სინგლის სახით გამოიცა. კომპოზიციამ, რომელიც კლასიკური ქანთრი ელემენტებითა და ემოციური ლირიკით გამოირჩევა, გამოსვლისთანავე დაიპყრო წამყვანი სტრიმინგ პლატფორმები და რადიოსადგურები.

ექსპერტების შეფასებით, ლენგლის წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანამედროვე მუსიკალურ ბაზარზე ქანთრი ჟანრის გლობალურ დომინაციასა და მსმენელის ქცევის ცვლილებას, სადაც ქანთრის აუდიტორია აქტიურად გადაერთო ციფრულ სტრიმინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები