LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალური და საოცარი ისტორია – მერაია ქერის ალბომმა – Glitter 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ქალი სიკვდილს გადაარჩინა

154
photo-collage.png - 2026-09-16T162753.175

11 სექტემბრის ტერაქტიდან, 25 წელი გავიდა.

2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ, ვაშინგტონში, პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე, პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა.

ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც თავდასხმას სასწაულებრივად გადაურჩნენ.

მერაია ქერის 2001 წლის ალბომი – Glitter, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში ხშირად კომერციულ ჩავარდნად განიხილება, ერთი ამერიკელი ქალისთვის ნამდვილ მფარველ ანგელოზად იქცა.

დისკმა 24 წლის სარა ბოტკინს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე მომხდარი ტერაქტის დროს, სიცოცხლე შეუნარჩუნა.

2001 წლის 11 სექტემბრის დილას, საუნდტრეკ-ალბომის – Glitter ოფიციალური რელიზის დღეს, სარამ სამსახურში მისვლამდე მაღაზიაში შევლა და ახალი CD დისკის ყიდვა გადაწყვიტა. იგი დროებით თანამშრომლად მუშაობდა კომპანიაში, რომელიც ტყუპი კოშკების სამხრეთ შენობის 105-ე სართულზე მდებარეობდა.

ალბომის შესაძენად რიგში დგომამ მისი გრაფიკი რამდენიმე წუთით შეაფერხა. როდესაც პირველი თვითმფრინავი ჩრდილოეთ კოშკს დაეჯახა, სარა სამსახურებრივ მაგიდასთან კი არა, შენობის პირველ სართულზე, ლობში იმყოფებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დაცვამ ხალხს ზედა სართულებზე ასვლისკენ მოუწოდა, სარამ ტერიტორიის დატოვება გადაწყვიტა და გარეთ გაიქცა.

რამდენიმე წუთში მეორე თვითმფრინავი სწორედ სამხრეთ კოშკს დაეჯახა. იმ დღეს მისმა კომპანიამ 176 თანამშრომელი დაკარგა.

მოგვიანებით, ამ საოცარი ისტორიის შესახებ თავად მერაია ქერიმაც შეიტყო. მომღერალმა გადარჩენილ გულშემატკივარს ალბომის სპეციალური ასლი გაუგზავნა პირადი ავტოგრაფითა და სამახსოვრო წარწერით: „ღმერთმა დაგლოცოს“.

ეს შემთხვევა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ემოციურ მაგალითად იმისა, თუ როგორ შეცვალა უბრალო ყოველდღიურმა არჩევანმა ადამიანის ბედი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები