ისრაელის საინფორმაციო გამოცემა Ynet-ი დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ Flydubai-ს რეისზე (FZ1073) მომხდარი ინციდენტის ახალ დეტალებს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ბორტზე შექმნილი კრიტიკული სიტუაციის დროს უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა წარმოშობით ქართველმა ექიმმა, სტომატოლოგმა შოთა მუსაევმა.
ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც ომანელი თანაპილოტი კაბინაში კაპიტანს თავს დაესხა და დანით სხეულის მძიმე ჭრილობები მიაყენა. თავდასხმის შედეგად ხომალდმა მართვა დაკარგა და მკვეთრი ვარდნა დაიწყო. კაბინიდან ყვირილის გაგონებისთანავე შოთა მუსაევი რამდენიმე მგზავრთან ერთად კაბინისკენ გაქანდა.
„არ დავლოდებივარ, რომ ვინმეს დაეძახა. მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო და გავიქეცი. ყვირილი რომ გავგონე, თავდამსხმელთან დასაპირისპირებლად მივედი და არა სამედიცინო დახმარების გასაწევად“, – იხსენებს შოთა მუსაევი Ynet-თან ინტერვიუში.
მგზავრებმა შეძლეს თავდამსხმელის გაკავება და განეიტრალება. მიუხედავად იმისა, რომ პირი აგრესიულ წინააღმდეგობას წევდა, მისი ხელ-ფეხის შეკვრა რამდენჯერმე გახდა საჭირო, სანამ სიტუაცია სრულად არ გააკონტროლეს.
ამასთან, როგორც მუსაევი აღნიშნავს, ის ბორტზე ერთადერთი ექიმი იყო.
„პილოტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თავიდან და ხელებიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. ადგილზევე შევძელი სისხლდენის შეჩერება. იატაკზე მწოლიარე კაპიტანი კონტაქტური რჩებოდა – მან გვითხრა, რომ 39 წლისაა და ორი შვილი ჰყავს“, – აცხადებს ექიმი.
ამასთან, შოთა მუსაევის შესახებ წერს ისრაელში მცხოვრები ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე.
„FlyDubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის სრული გარემოებების გამოძიება გრძელდება. თუმცა ერთი რამ უკვე თავად შოთა მუსაევის მონაყოლითაც დასტურდება – ქართველი ექიმი სხვა მგზავრებთან ერთად თავდამსხმელის შეჩერებაში მონაწილეობდა, შემდეგ კი პროფესიული დახმარება გაუწია მძიმედ დაჭრილ კაპიტანს“, – წერს მიხეილ ხეცოიძე.
პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ „ფლაიდუბაის“ რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.
