UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს გვიზიარებს, სადაც თავის შვილს, ჰუგოს წერილით მიმართავს.
როგორც ილია წერს, დღემ, როდესაც მან წააგო, ორივე უფრო ძლიერები გახადა.
„ჰუგო, უკვე რამდენიმე დღეა შენზე ვფიქრობ. იმაზე, რას გრძნობდი, როცა ჩემი დაცემა დაინახე. ვიცი, რომ შენთვის ეს მტკივნეული იყო და როგორც მამა, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ის მომენტი შენთვის თავიდან ამერიდებინა.
მაგრამ, ამავდროულად, მიხარია, რომ ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ, რადგან იმ დღემ ორივე უფრო ძლიერები გაგვხადა.
მინდა, მუდამ გახსოვდეს ერთი რამ – ცხოვრებაში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ და ეს ნორმალურია.
რადგან წაგება არ არის მთავარი. მთავარია, როგორ აგებ. ვინ ხარ მაშინ, როცა ყველაფერი ბნელდება. როცა არჩევანის გაკეთება გიწევს – დარჩე ძირს თუ ისევ წამოდგე.
მჯერა, ღმერთმა ის მომენტი იმისთვის გამომაცდევინა, რომ ჩემთვის ისეთი გაკვეთილი ესწავლებინა, რომელსაც ვერც ერთი გამარჯვება ვერ მასწავლიდა.
რომ ხასიათი მაშინ არ ყალიბდება, როცა ყველაფერი შენს სასარგებლოდ მიდის. ის მაშინ ვლინდება, როცა ცხოვრება ყველაზე რთული მომენტის წინაშე გაყენებს.
და იცი, რა აღმოვაჩინე? იმ ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ, იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე მანამდე ვიყავი.
რადგან ჩემპიონი ის არ არის, ვინც არასდროს ეცემა. ჩემპიონი ის არის, ვინც ყოველთვის პოულობს მიზეზს, რომ ისევ წამოდგეს.
ეს არის ერთადერთი რამ, რასაც გისურვებ. არა ის, რომ ყოველთვის გაიმარჯვო, არამედ ის, რომ არასდროს შეგეშინდეს წაგების.
არ მისცე არც ერთ მარცხს უფლება, გიკარნახოს, ვინ ხარ, რადგან ამას მხოლოდ შენ წყვეტ.
და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გახსოვდეს – ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს, შენი ხასიათია“, – წერს ილია თოფურია.
ცნობისთვის, 29 წლის ქართველმა მებრძოლმა ბოლო ჩხუბი მიმდინარე წლის 15 ივნისს, თეთრ სახლში, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც საშუალო წონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა.
მიღებული დაზიანებების გამო კალიფორნიის შტატის შესაბამისმა კომისიამ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის 180-დღიანი შეზღუდვა დაუწესა.
„გჯეროდეთ, რომ არაფერია დაფარული, რაც არ გამოაშკარავდება“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი
ვიდეო: ემოციური მიძღვნა ჯორჯინა უზკატეგუის – რა კადრებს გვიზიარებს ილია თოფურიას მეორე ნახევარი
