LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირაკლი ღარიბაშვილი იყო კატეგორიული, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით…“ – რა განაცხადეს ადვოკატმა და პროკურორმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა

135
ღარიბაშვილის გამოკითხვა

„ის იყო კატეგორიული, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ პროკურორმა, თეონა ცირამუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ინფორმაციები, რომელიც მან გააჟღერა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის თაობაზე, საჯაროდ გავრცელებულ წერილში, არის მხოლოდ გამოცემებზე დაყრდნობით.

პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვა პირები

„მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შესაბამისად, ჩვენი შეკითხვებიც შეეხებოდა ამ კონკრეტულ ფაქტს. რაც შეეხება მის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა მოარულ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც არის მის მიერ მიღებული სხვადასხვა გამოცემებიდან. მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მის მიერ გაკეთებულის საჯარო წერილებით, და არა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას. ის იყო კატეგორიული, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით,რა შეკითხვებიც ჰქონდა გამოძიების, ის შეკითხვები დაესვა მსჯავრდადებულს. გარდა ამისა, დამატებით თუ რაიმე ინფორმაციის გაჟღერება სურდა, ამის შესაძლებლობაც მიეცა, თუმცა ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. შემიძლია კატეგორიულად დაგიდასტუროთ ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და ამას ადასტურებს ოფიციალურ დოკუმენტში, გამოკითხვის ოქმში, რომელიც მოხდა მისი ადვოკატების მონაწილეობით. ჩვენ შეკითხვები დავუსვით და მან გააჟღერა, რომ ინფორმაციები, რომელიც მან გააჟღერა[ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის თაობაზე] საჯაროდ გავრცელებულ წერილში, არის მხოლოდ გამოცემებზე დაყრდნობით“, – განაცხადა პროკურორმა.

გამოკითხვის დეტალებზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატიც. ნათია თამაზაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ სადაც ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა მის ბოლო წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როდესაც ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაიგო და კონკრეტული ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა, საჯაროდ გაახმოვანა ეს ყველაფერი და კითხვებიც საჯაროდ დასვა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა თავისივე განცხადებაში აღნიშნა და დაადასტურა ის ფაქტები, რაც მისთვის აქამდე იყო ცნობილი და დღესაც, გამოკითხვის დროს იგივე ფაქტები დაადასტურა. განცხადებაში რაც იყო აღწერილი და მითითებული, ირაკლის რატომაც გაუჩნდა ეს კითხვა [ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით], რაც საჯაროდ გამოიტანა, განცხადებაშიც ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული. წყაროზე მას არ უსაუბრია. ირაკლიმ თქვა, რომ როდესაც მას ივლისში მიუვიდა წერილი, სადაც პირველ პუნქტად იყო აღნიშნული დიტო ჩუბინიძე, აინტერესებდა, რატომ იყო მაინც და მაინც დიტო ჩუბინიძე, როდესაც იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც მასზე დადებითად საუბრობდნენ. როდესაც ამ წერილის შემდგომ დააკავშირა და გაიხსენა ფაქტები, რომ 12 თებერვალს შეუგზავნეს სტატია და იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, ის ხომ არ იდგა ამ სტატიის უკან. ეს ინფორმაცია დააკავშირა და, შესაბამისად, რამდენიმე დღის წინ, როგორც თავადაც აღნიშნა, საუბრის დროს გაიგო იმ სტატიის რესპონდენტის გარდაცვალების შესახებ და ამიტომ, სხვა დეტალებიც საჯაროდ გამოიტანა და ასევე საჯაროდ დასვა კითხვა. მანამდეც, არაერთ მედიაში იყო გავრცელებული ეჭვები მის [ლაზარე ჯორბენაძის] გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ირაკლიმაც დასვა ეს კითხვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, უნდა დაკითხოს თუ არა გამოძიებამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა და ამ დეტალებში თავად ვერ შევა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ღარიბაშვილის განცხადებითვე , ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, ამის მიუხედავად, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები