Turkish Airlines-მა Boeing-თან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც თურქული ავიაკომპანია 737 MAX-ის ოჯახის 150-მდე თვითმფრინავს მიიღებს. შეთანხმება 100 თვითმფრინავის შეკვეთას და კიდევ 50-ის შეძენის ოფციონს მოიცავს.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ Turkish Airlines-მა გარკვეული რაოდენობის 737-8 უფრო დიდი 737-10-ით ჩაანაცვლოს.
Euronews-ის ინფორმაციით, ახალი თვითმფრინავების მიწოდება 2033-2037 წლებში არის დაგეგმილი. შეკვეთა Turkish Airlines-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია.
Boeing-ის განცხადებით, 737 MAX-ის ახალი თვითმფრინავები Turkish Airlines-ს მოკლე და საშუალო მანძილის მიმართულებების გაფართოებაში დაეხმარება. 737-8-ის არჩევა დაკავშირებულია მის გამძლეობასთან, ტვირთამწეობის მოქნილობასა და საწვავის ეფექტურობასთან. მწარმოებლის მონაცემებით, 737 MAX-ის ოჯახი იმ თვითმფრინავებთან შედარებით, რომლებსაც ის ანაცვლებს, საწვავის მოხმარებასა და გამონაბოლქვს დაახლოებით 20%-ით ამცირებს.

შეთანხმება საბოლოოდ ნიუ-იორკში გაფორმდა და მას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრო. მოლაპარაკებები 2025 წლიდან იყო დაწყებული და დასრულება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაჭიანურდა.
შეკვეთას წინ უძღოდა 737 MAX-ის ძრავებთან დაკავშირებულ პირობებზე შეთანხმება. თვითმფრინავი LEAP-1B ძრავებით იწარმოება, ხოლო Turkish Airlines-სა და CFM International-ს შორის გარკვეული საკითხები, მათ შორის ძრავების მომსახურების პირობები, შეთანხმების საბოლოო გაფორმებას აფერხებდა.

ახალი კონტრაქტი ავიაკომპანიის ფლოტის გაფართოების ფართო სტრატეგიის ნაწილია. Turkish Airlines-ი და მისი შვილობილი AJet-ი ამჟამად Boeing-ის 200-ზე მეტ თვითმფრინავს იყენებენ, ხოლო 2025 წელს ავიაკომპანიამ Boeing-ისგან 787 Dreamliner-ის 75-მდე თვითმფრინავის შეძენაზეც გააფორმა შეთანხმება.
Turkish Airlines-ის განცხადებით, ახალი 737 MAX-ები ავიაკომპანიას მზარდი სამგზავრო მოთხოვნის ფონზე შიდა და საერთაშორისო მიმართულებების განვითარებისა და გაფართოების საშუალებას მისცემს.
