LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში საწვავის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა

128
ქირიას NEWS შაბლონი

ევროკავშირის ქვეყნებში საწვავისა და ენერგიის მკვეთრად გაძვირების ფონზე ენერგოკომპანიებისთვის ე.წ. მოგების გადასახადის დაწესების საკითხი განიხილება. ინიციატივის მიზანი ენერგოკრიზისით მიღებული დამატებითი მოგების ნაწილის ბიუჯეტში მიმართვა და მომხმარებლებისთვის გაზრდილი ხარჯების შემსუბუქებაა. საკითხი ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე დუბლინში განიხილეს.

ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი გერმანიის ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბაილია. მან ევროკომისიას მოუწოდა, ოქტომბრისთვის მოამზადოს შესაძლო მოდელები ნავთობკომპანიების „ჭარბი მოგების“ დასაბეგრად. მისი განცხადებით, ზოგიერთი კომპანია არსებული ვითარებით სარგებლობს, ფასებს ზრდის და შედეგად მნიშვნელოვნად ზრდის მოგებას.

ამასთან, ევროკომისიის ეკონომიკის საკითხებში კომისარმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი საგადასახადო მექანიზმის შექმნა დაგეგმილი არ არის. თუმცა, მისი თქმით, ევროკომისია მზად არის საკითხზე მსჯელობისთვის, ხოლო ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს საკუთარი ეროვნული გადასახადების დაწესება დამოუკიდებლად შეუძლიათ.

ევროპაში საწვავის ფასები ბოლო პერიოდში რეკორდულ ნიშნულებზეა. Guardian-ის ინფორმაციით, ევროკავშირში ბენზინი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 24%-ით, დიზელი კი 38%-ით გაძვირდა. ავიაციის საწვავის ფასი კი ორჯერ მეტია.

გერმანიაში 16 სექტემბერს დიზელის საშუალო ფასმა ლიტრზე 2,45 ევროს, ბენზინის კი 2,31 ევროს მიაღწია. ნიდერლანდებში მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი იყო – ბენზინი დაახლოებით 2,73 ევრო, დიზელი კი 2,78 ევრო ღირდა.

გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაძაბულობაა. ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს ასცდა, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ დონეს დაახლოებით 50%-ით აღემატება. მიწოდების დამატებითი შეფერხების რისკი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც რეგიონში თავდასხმებმა ენერგომომარაგების მნიშვნელოვანი მარშრუტები დააზიანა.

ევროკავშირის მასშტაბით მოგების გადასახადის იდეას გერმანიასთან ერთად ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, პოლონეთი და ავსტრიაც უჭერენ მხარს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ევროკავშირის დონეზე ერთიანი მექანიზმის შექმნის საკითხი შემდგომ განხილვას საჭიროებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები