LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EasyJet-ის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ – ოქტომბერში შესაძლოა 500-მდე რეისი გაუქმდეს

124
ქირიას NEWS შაბლონი (2)

EasyJet-ის პორტუგალიაში ბაზირებული ბორტგამცილებლები გაფიცვას გეგმავენ. თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ აქცია ორ ეტაპად  2-6 ოქტომბერს და 19-23 დეკემბერს გამართონ. გაფიცვამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს ავიაკომპანიის ოპერაციები ლისაბონის, პორტოსა და ფარუს აეროპორტებში.

პორტუგალიის ავიაციის პროფკავშირის (SNPVAC) შეფასებით, მხოლოდ ოქტომბრის გაფიცვის პერიოდში დაახლოებით 500 დაგეგმილი რეისი შეიძლება დაზარალდეს. ეს შეფასება არ ითვალისწინებს იმ მინიმალურ მომსახურებას, რომლის უზრუნველყოფაც ხელისუფლებამ შესაძლოა მოითხოვოს.

დეკემბრის გაფიცვამ შესაძლოა კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინოს EasyJet-ის მუშაობაზე, რადგან ის საშობაო მოგზაურობის პიკურ პერიოდს ემთხვევა. 19-23 დეკემბრის პერიოდში ავიამგზავრთა რაოდენობა როგორც წესი, მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ გაფიცვის შემთხვევაში შეფერხებების მასშტაბიც შესაძლოა გაიზარდოს.

პროფკავშირი გაფიცვის მიზეზად სამუშაო პირობებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს. მათ შორისაა სამუშაო გრაფიკის ხშირი ცვლილება, კოლექტიური შრომითი შეთანხმების შესაძლო დარღვევა, ბორტგამცილებლებისა და პილოტების მიმართ განსხვავებული პირობები, ოპერაციული დაგეგმვის პრობლემები და პერსონალის დეფიციტის გამო ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე ზეწოლა.

SNPVAC-ის გადაწყვეტილებას 188-მა თანამშრომელმა ერთხმად დაუჭირა მხარი. პროფკავშირის განცხადებით, გაფიცვამდე EasyJet-თან პრობლემების მოგვარების არაერთი მცდელობა იყო, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

თავის მხრივ, ავიაკომპანიამ გაფიცვის გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება გამოხატა და განაცხადა, რომ პროფკავშირთან მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზად არის. Easyjet-ის განცხადებით, პორტუგალიაში ბორტგამცილებლების ანაზღაურება ქვეყნის საშუალო ხელფასზე მაღალია. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მედიაციის პროცესი პორტუგალიის შრომის ორგანოს, DGERT-ის, მონაწილეობით მიმდინარეობს.

ოქტომბრის გაფიცვა ასევე ემთხვევა პორტუგალიის რესპუბლიკის დღეს – 5 ოქტომბერს, რომელიც წელს ორშაბათს იქნება. შესაბამისად, უქმე დღეებში მგზავრთა ნაკადის ზრდის ფონზე ავიარეისების შეფერხების რისკიც გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები