რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ დუეტი „კოლორიტი“ სტუმრობდა. გადაცემაში ნამუშევრების „პოპური“, „წინანდალელი ნათელა“, „იას სინაზე მოვსტაცე“ და „ქალაქური პოპური“ პრემიერა შედგა.
როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა, რამდენი წელია, რაც ერთად ხართ?
გულიკო: გაცნობა მოხდა 1979 წელს.
თამრიკო: 1982 წლიდან დაიწყო უკვე ჩვენი მეგობრობა. 1979 წელს გავიცანით ოჯახში, როგორც ხდება ხოლმე სუფრა, სიმღერა… მივუცუცქდი, გადავირიე, შევიშალე, ვიმღერეთ.
როგორც დუეტი, უკვე 9 წელიწადია ვართ ოფიციალურად.

როდის გამოვიდა თქვენი ალბომი?
თამრიკო: 1 წლის წინ… ივნისში „სალარიძის საკონცერტო დარბაზში“ გვქონდა საიუბილეო კონცერტი და დისკის პრეზენტაცია. 500 დისკი გაიყიდა.
უნდა აღვნიშნო, რომ ვერაფრით ვერ მოვახერხებდით ჩვენ ამ დისკის შექმნას, რომ არა „სანო სტუდია“. უღრმესი მადლობა მას, უსასყიდლოდ, უყველაფროდ დაგვიდგა გვერდში და გავაკეთეთ ეს ძალიან კარგი საქმე.
ვისაუბროთ პოპურზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
თამრიკო: რომ იცოდეთ, ყველა პოპური გულიკოს შექმნილია. პოპურში ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, თემატურად გამართული უნდა იყოს. ეს პოპური არის ძალიან კარგი, ლამაზი სიმღერებისგან შემდგარი.

ამ წლების განმავლობაში აზრთა სხვადასხვაობა, უთანხმოება არ გქონიათ?
გულიკო: მნიშვნელოვანი, სერიოზული არაფერი.
თამრიკო: მე და გულიკოს არაჩვეულებრივი ხასიათი გვაქვს, რაღაც თუ არის, არ ვიმახსოვრებთ, ვითომ, არ ყოფილა და ამიტომ შევრჩით ასე.
მოგვიყევით სიმღერაზე „წინანდალელი ნათელა“.
თამრიკო: ესეც პოპურია, გულიკოს შექმნილი.
პროფესიით მუსიკოსები ხართ? სხვა დამატებითი პროფესიაც ხომ არ გაქვთ?
გულიკო: მე მუსიკის პედაგოგი ვიყავი მუსიკალურ სკოლაში, მერე, საესტრადო სასწავლებელში გადავედი და იქ ვასწავლიდი, ასევე თეატრალურში. რაც მთავარია, დავამთავრე მუსიკალური ტექნიკუმი, საფორტეპიანოს განხრით და კონსერვატორია უკვე მუსიკადმცოდნეობის.
თამრიკო: მეც ასევე ნიჭიერთა ათწლედი დავამთავრე. შემდეგ, ჩავაბარე მაშინ, რომ პუშკინის სახელობის სასწავლებელი იყო, სადაც რეზო ლაღიძე იყო ჩვენი კათედრის გამგე. მეც, ასევე, ფაქტობრივად მუსიკოსი ვარ, მაგრამ მე უფრო მეტად ვმღეროდი. „თაიგული“ იყო არაჩვეულებრივი კვარტეტი და 5 წელი იქ ვიმღერე. მერე, შესვენება მქონდა. მერე უკვე, პირველი მომღერალი ვიყავი რესტორნის და მის მერე, ვმღერი და ვმღერი.

წლებთან ერთად, მსმენელების კუთხით თუ არის სხვაობა, გემოვნების მხრივ წინ მივდივართ თუ უკან?
გულიკო: ის სიმღერები, რასაც ჩვენ ადრე ვმღეროდით, ძალიან მისაღები იყო, მერე, დავიწყებას მიეცა… რაღაც პერიოდი მთლიანად საქართველოში იყო ცუდი და ვის ემღერებოდა?! შუქი არა, წყალი არა და ა.შ. მერე, მე და გულიკომ, 9 წლის წინ, რომ დავიწყეთ ამ ძველი სიმღერების ამღერება, აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან დიდი ნოსტალგია ყოფილა ამ სიმღერების და უცბად შევიძინეთ ძალიან ბევრი მსმენელი. ფაქტობრივად, იმ რესტორანმა, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, მოიტანა პოპულარობა, იცით რატომ?! იმიტომ, რომ ამ სიმღერების მოსასმენად მოდიოდნენ, ნოსტალგია ჰქონდათ. ყველა მადლობას გვიხდიდა, ძველ დროში დაგვაბრუნეთო.
რაც არის, ცოტა კულტურა დაიკარგა მოსმენის და ტაშის… ტაშის კულტურა თითქმის აღარ არის. არ აქვს მნიშვნელობა მე რესტორანში ვმღერი თუ სადღაც, ვმღერი, ანუ მე ვიხარჯები, გიქმნი ატმოსფეროს… ნახევარი ტაში მაინც დამიკარი… მერე იცით, როგორ ვბრაზდები ხოლმე?! მიკროფონში ვაცხადებ, დღეს მეგობრებო ჩვენთან ძალიან დიდი აქციაა, ტაში უფასო არის-მეთქი.
იცით, ერთხელ იყო შემთხვევა, სუფრა იყო, ალბათ, საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ და ფული გადაგვიხადეს, არ იმღეროთო…
დუეტი კოლორიტი – პოპური
დუეტი კოლორიტი – წინანდალელი ნათელა
დუეტი კოლორიტი – იას სინაზე მოვსტაცე
დუეტი კოლორიტი – ქალაქური პოპური
გადაცემის აუდიოჩანაწერი
დუეტი “კოლორიტი” – ავადა ვარ. Live
დუეტი “კოლორიტი” – ერთი რამე გულიანი. Live
დუეტი “კოლორიტი” – ავლაბარში წვიმა მოდის (პოპური). Live
დუეტი “კოლორიტი” – მე თბილისის მოტრფიალე ვარ. Live
დუეტი “კოლორიტი”. “პრემიერა თაკოსთან”