ნეშვილის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტის საბჭომ ერთსულოვანი კენჭისყრით დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აეროპორტის სახელის გადარქმევის მრავალეტაპიანი პროცესი ოფიციალურად იწყება.
ცნობილი გახდა, რომ აეროდრომს სახელი შეეცვლება ლეგენდარული ქანთრი მომღერლისა და ფილანტროპის, დოლი პარტონის პატივსაცემად, რომელიც 25 აგვისტოს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აეროპორტის სახელის შეცვლის იდეა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც Change.org-ზე შექმნილმა ონლაინ პეტიციამ, 175 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა დააგროვა. ინიციატივას მყისიერად დაუჭირეს მხარი როგორც ტენესის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, ბილ ლიმ, ისე ნეშვილის დემოკრატმა მერმა, ფრედი ო’კონელმა, რაც დოლი პარტონის იმ განსაკუთრებულ უნარს უსვამს ხაზს, რომლითაც იგი რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებსაც კი აერთიანებდა.
„დოლი პარტონის არაჩვეულებრივი ცხოვრება სამუდამოდ არის ჩაქსოვილი ჩვენი შტატის ისტორიაში. სავსებით ლოგიკურია, რომ ადგილზე, სადაც ტენესი მთელ მსოფლიოს მასპინძლობს, მოგზაურებს ჩვენი შტატის საყვარელი შვილის სახელი, მისი მუსიკა და სიკეთე დახვდეთ.“ – განაცხადა გუბერნატორმა, ბილ ლიმ.
აღსანიშნავია, რომ ეს ისტორიული ნაბიჯი ნეშვილის აეროპორტს აშშ-ში პირველ დიდ კომერციულ საერთაშორისო აეროპორტად აქცევს, რომელსაც ქალის სახელი მიენიჭება, თუმცა დიდი ენთუზიაზმის მიუხედავად, სახელის მოდიფიკაცია დაუყოვნებლივ ვერ მოხდება.
ნეშვილის აეროპორტის მოქმედი წესების თანახმად, ობიექტს სახელი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ ადამიანის პატივსაცემად, რომლის გარდაცვალებიდანაც სულ მცირე 2 წელია გასული. პროცესის დასაჩქარებლად საბჭოს მოუწევს არსებულ პოლიტიკაში გამონაკლისის დაშვება ან მისი შეცვლა.
ამასთან, ცვლილება ფინანსურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. აეროპორტის 4500 აკრზე არსებული ნიშნების, მონუმენტების, მორთულობების, სატრანსპორტო ავტობუსებისა და ოფიციალური დოკუმენტაციის განახლება, წინასწარი შეფასებებით, რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდება.
არსებული ცნობებით, აეროპორტის ხელმძღვანელობა უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს დოლი პარტონის ფონდთან, რათა ერთობლივად შეათანხმონ საბოლოო ოფიციალური სახელი და ბრენდინგი.
დეტალური გეგმა საზოგადოებისთვის უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.