„ერისიონის“ მსახიობ-მოცეკვავე ნინა თოთიაურისთვის მრავალწლიანი გზა ანსამბლში 5 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მამამ, რომელიც თავად გახლდათ „ერისიონის“ მუსიკოსი, ეკა ჭკუასელს ჩააბარა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან უკვე მთავარ ანსამბლში გადაინაცვლა, სადაც დაიწყო მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო თავგადასავალი სცენაზეც და მის მიღმაც. ნინას ოჯახური ამბავიც „ერისიონს“ უკავშირდება, მომავალი მეუღლე, დავით გოგრიჭიანი მაშინ გაიცნო, როდესაც 12 წლის იყო, სკოლის დამთავრების შემდეგ კი წყვილს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ბედს ერთმანეთს დაუკავშირებდა… ნინა fortuna.ge-ს თავისი ცხოვრების მთავარ საქმესა და ოჯახზე ესაუბრა.
ნინა, როგორ შემოიჭრა ცეკვა თქვენს ცხოვრებაში?
მამა ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი იყო, დუდუკზე იუკრავდა და გენერალურ რეპეტიციებს სულ ვესწრებოდი. 5 წლის ვიყავი, როცა ქალბატონ ეკა ჭკუასელთან მომიყვანა და მას ჩამაბარა. ჯერ ანსამბლ „ლაპრებში“ ვცეკვავდი ქალბატონ ეკასთან, შემდეგ გადავინაცვლე „ერისიონში“, მას შემდეგ, რაც სკოლა დავასრულე, ქალბატონი ეკას ინიციატივით გადმოვედი მთავარ ანსამბლში. 11 წელი შესრულდა, რაც აქ ვარ. ჩემი ცხოვრება სხვანაირად არც მახსოვს. როგორც მახსოვს დედა და მამა, იმავენაირად მახსოვს ქალბატონი ეკა და მისი მეუღლე, ვანო ჩხაიძე. ჩემს მშობლებზე არანაკლები ამაგი აქვთ ჩემზე.

როგორი იყო ეს გზა?
თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო მთელი ცხოვრება, დილით რომ ვიღვიძებთ და ხელ-პირს ვიბანთ, ხომ ნორმაა. ანსამბლი „ერისიონიც“ სულ ასე იყო ჩემთვის – იქ ყოველ დღე უნდა მოვსულიყავი. მოწადინებული და მონდომებული ყოველთვის ვიყავი, თუმცა იყო ანსამბლში მოღვაწეობის პერიოდში გარდამტეხი პერიოდები. სულ მინდოდა, რომ მეტი და მეტი მეკეთებინა. პანდემია იყო გავლილი, გავაჩინე ერთი შვილი, მეორე… პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, არ ვიცი, რა თვალით შევხედე ჩემს საცეკვაო ცხოვრებას, მაგრამ პარტერიდან დავესწარი „ერისიონის“ კონცერტს და საერთოდ სხვანაირად დამიდგა ყველაფერი თვალწინ. პირველი შვილის შემდეგ, დეკრეტული შვებულებიდან რომ დავბრუნდი, რომელსაც მეორე შვილიც მალევე მიჰყვა, თავადაც ვიგრძენი სრული ტრანსფორმაცია. სულ სხვა სურვილითა და შეხედულებებით დავბრუნდი. უფრო მეტი გავაკეთე, შრომას ისედაც არასდროს ვაკლებდი, მაგრამ კიდევ მეტად მოვინდომე…
რომელია თქვენთვსი საუკეთესო ცეკვა?
ბოლო დროს ყველა ცეკვა ძალიან მაქვს მორგებული და ვიღებ იმ სიამოვნებას, რაც იმ კონკრეტულ ცეკვას აქვს, რადგან ყველა განსხვავებულია. ხალხს რაც უყვარს, ეს არის „ქართლ-კახური“ და ამას სიამოვნებით აღნიშნავენ. ბოლოდროინდელი ჩვენი ახალი ცეკვაზეც „ქალაის“ პარტიაზეც დიდ კომპლიმენტებს ვიღებ და აღნიშნავენ, რომ მეტყობა, მთის წარმომადგენელი რომ ვარ. წარმოშობით ხევსური ვარ და ალბათ, ესეც დეენემისა და გენეტიკის ბრალია, აღნიშნავენ, რომ ცეკვისას მეტყობა.
საუკეთესო მომენტი, რაც სცენაზე გქონიათ…
პირველი კონცერტი იყო, ანსამბლთან ერთად, ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი, 11 წლის წინ. ბოლოს, ფილარმონიაში გამართულ კონცერტზე, ბევრი მაყურებელი ჩვენს სახელებს ყვიროდა და ეს იყო მართლაც დაუვიწყარი მომენტი.
თქვენს მეუღლეზე გკითხავთ, რომელიც მოცეკვავეა… როგორ შედგა თქვენი სიყვარულის ამბავი?
ესეც თავისდაუნებურად მოხდა. დათო 12 წლის იყო, რომ ცეკვაზე შემოვიდა, მაგრამ არა „ლაპრებში“. სხვა სტუდიაში ცეკვავდა, მაგრამ გვყავდა საერთო მეგობარი. 12 წლის ასაკში გავიცანით ერთმანეთი. კარგი ურთიერთობა გვქონდა, მეგობრული. სკოლას რომ ვამთავრებდი, მე-11 კლასში, ისე აეწყო ჩვენი ურთიერთობა, რომ თავისდაუნებურად მოხდა ყველაფერი. ყოველდღიურობაში გადაგვეზარდა საუბარი, ერთმანეთის ნახვა. იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე ასე ვართ ერთად. 21 წლის ვიყავით ორივე, როცა გადავწყვიტეთ დაოჯახება. რვა წელია, ცოლ-ქმარი ვართ.
როდესაც სცენაზე ცოლ-ქმარი ცეკვავს, რა ქიმიაა, გარდა პარტნიორულისა?
მთელი ცხოვრება „ერისიონის“ გარეშე არ მახსოვს ჩემი თავი და დათოსაც იმდენი ხანია ვიცნობ, სხვებისთვის უფრო შესამჩნევია ჩვენი ქიმია. სახლში, ყოველდღიურობაში ერთად ვართ და სცენაზეც ასე ვართ, ძალიან ოჯახური და თბილია ეს ცეკვა. შენი პარტნიორიცაა და შენი ნაწილიც… ცოტა სხვანაირი შეგრძნებაა და ბევრის ხვედრი ალბათ არ არის, რომ ერთად ასრულებდნენ სამუშაოს, უხეშად რომ ვთქვათ, რომელიც არის ცეკვა, ხელოვნება და სცენაზე დგომა. რომ ჩავურღმავდები ხოლმე, მერე უფრო ვიაზრებ, მაგრამ ყოველდღიურად თითქოს ჩვეულებრივი ამბავია.
რადგან სულ ერთად ხართ, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ურთიერთობა არ გახუნდეს და ახალი ფერები შეიძინოს?
როგორც ყველა წყვილის ურთიერთობაში, ჩვენთანაც არის არცთუ ისე სასიამოვნო ფრაგმენტები, ეს ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში სავსებით ნორმალურია. რეპეტიციაზე რომ მოვდივართ, შეიძლება, მთელმა დღემ ისე ჩაიაროს, რომ ვერც შევხვდეთ ერთმანეთს. გარდა იმისა, რომ ერთად მოგვიწიოს ცეკვამ. ყოველდღე ხომ არ ვასრულებთ ამ ცეკვებს. სახლშიც და სამსახურშიც ერთად ვართ, მაგრამ ერთმანეთს თავისუფლებას ვაძლევთ, რომ პირადი საქმეებიც გვქონდეს. ვცდილობთ მაქსიმალურად, ერთად ყოფნაც და არყოფნაც დავაბალანსოთ, რომ პრობლემები არ გამოიწვიოს, მოსაბეზრებლები არ გავხდეთ ერთმანეთისთვის, მეც მჭირდება პირადი სივრცე და მასაც, არასამუშაო გარემოში. ეს თავისუფლება გვიბალანასებს ბევრ რამეს…
შვილებზეც გვიამბეთ, თუ შეიძლება?
ანიტა სამი წლისაა, კატო – ორი წლის. ძალიან რთულია ჩვენი პროფესიის შეთავსება ოჯახურ ამბავთან, მით უმეტეს, როცა ორი პატარაა და ახლოს არიან ასაკით ერთმანეთთან. ორივესთან ერთნაირად ჩართულები ვართ, ჩემზეც და დათოზეც მაქვს საუბარი, ერთად ვცდილობთ გავუმკლავდეთ ბავშვების მოვლას. ოჯახის წევრების დახმარების გარეშე ამასთან გამკლავება შეუძლებელია. რაც უფრო იზრდებიან, მით უფრო გვიმარტივდება. ხანდახან მოსწავლეებთან ჩვენს რეპეტიციებს ესწრებიან. ჯერჯერობით თავად არ ცეკვავენ, სამომავლოდ, როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება. დაძალებით ნამდვილად არ დავაძალებთ, რომ რადგან მოცეკვავეების შვილები არიან, უნდა იცეკვონ. რასაც აირჩევენ, შევუწყობთ ხელს. რომ გითხრათ, ვგიჟდები ისე მინდა-მეთქი, ასე არ არის. რაღაც ეტაპზე და რაღაც დოზით მოუწევთ ცეკვა, ვერ ასცდებიან. გვეკითხებიან, ცეკვაზე წაგვიყვანო? ალბათ, ამ სურვილს ვერ დაძლევენ. წინასწარ არ ვფიქრობ ამაზე, როგორც მიდის ჩვენი ცხოვრება, ისე მივყვებით.
ნინა, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური ხართ. რომელი კომენტარები გახარებთ ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად რაც მახარებს, არის ახალგაზრდების მოწერილი მესიჯები, რომ მოტივაცია ვარ მათთვის, ბევრს გაუჩნდა სურვილი, რომ პროფესიად აქციოს ცეკვა. ეს მოტივაცია არა მხოლოდ მოზარდებისთვისაა, არამედ მაგალითად, დედისთვის, რომელიც ამ წუთას სახლში ზის და ფიქრობს, მე თუ ვახერხებ ამდენს, შეიძლება, მანაც მაოხერხოს, მთავარი სურვილია. ეს ყველაზე მეტად მსიამოვნებს, რომ კარგი მაგალითის მიცემა შემიძლია. ჩემი მოსწავლის მშობლებს აქვთ მოწერილი, რომ უხარიათ, მათი შვილები მაგალითად რომ მირჩევენ. შვილების აღზრდა დიდი პასუხისმგებლობაა და მეორე დიდი პასუხისმგებლობაა, როცა მოზარდი გირჩევს მისაბაძ მაგალითად.
„მასტერშეფში“ მონაწილეობა როგორ გადაწყვიტეთ? კულინარიითაც ხართ გატაცებული, ამის დროც გრჩებათ?
გატაცების დრო ნამდვილად არ მქონია, მაგრამ ამბობენ, რომ გემრიელად ვამზადებ. რატომაც არა? ახალი გამოცდილება და გაოწვევაა, სიამოვნებით შევეჭიდე ამ თემასაც.ვნახოთ, რა გამოვა…
გაქვთ საყვარელი საქმე, რომელსაც მიჰყვებით დიდი ერთგულებით, მყარი ოჯახი, რა არის დიდი ოცნება, რაც დაგრჩათ?
არ მაქვს დიდი ოცნება, თუკი სურვილი მაქვს, მიზნად ვისახავ და მისკენ მივდივარ. ძალიან ბანალურია, რასაც ოცნებასაც ვერ დავარქმევდი – ძალიან მინდა, მქონდეს ეზოიანი კერძო სახლი, სადაც გვექნება მცენარეები, ხეხილი, ჩვენი შინაური ცხოველიც იქნება ჩვენთან ერთად და შვილები დროს გაატარებენ იქ. ეს არის ჩემი სამომავლო მიზანი და ოცნება. ოჯახური იდილიის შექმნა მინდა. ახლა კი გვაქვს ჩვენი კერა, მაგრამ ასაკი რომ მემატება, მცენარეებთან და ბუნებასთან ახლოს ყოფნა მინდა. ეს სურვილი მიმძაფრდება და აუცილებლად წავალ ამ მიზნისკენ…
