LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კლიმატის ცვლილების ფონზე უსაფრთხო ადგილები აღარ გვაქვს, ამდენად, ნუ ჰგონია ვინმეს, რომ სადმე თავს შეაფარებს…“ – როგორ იცავს კავკასიონი საქართველოს და რა პრობლემების წინაშე დგას მსოფლიო, ნინო ჩხობაძის განმარტებით

1330
ნინო ჩხობაძე

მთელი დედამიწა აკვირდება, როგორ იცვლება კლიმატი: ზოგან აუტანელი სიცხეა, ზოგან – გადაუღებელი თავსხმა წვიმები, მდინარეები შრება და დიდდება, ტყეები იწვის, მეწყრები აქტიურდება, რაც საკმაოდ ბევრ პრობლემას უქმნის ადამიანებს და, თან, თითქმის ყველა ქვეყანაში და კონტინენტზე. ეს ელ–ნინიოს გავლენაა, რომელიც პირველად მეთევზეებმა შენიშნეს მეჩვიდმეტე საუკუნეში. კერძოდ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ წყალი იმდენად თბებოდა, რომ თევზის ოდენობა იკლებდა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ელ–ნინიო კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე ჟურნალ „თბილისელებს“ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.

– თუ დარჩა დედამიწაზე შედარებით უსაფრთხო ადგილები?

– კლიმატის ცვლილების ფონზე უსაფრთხო ადგილები აღარ გვაქვს. ამდენად, ნუ ჰგონია ვინმეს, რომ სადმე თავს შეაფარებს. ფაქტობრივად, ყველაფერი შეიცვლა და იცვლება ყოველდღიურად, ამიტომ გრძელვადიან პროგნოზს თითქმის ვერავინ აკეთებს. ასე რომ, საფრთხეები უფრო მეტადაა გაზრდილი.

– მოსალოდნელი იყო, რაც ახლა ხდება დედამიწაზე, კლიმატის ცვლილებას ვგულისხმობ?

– დიახ, ეს ცვლილებები მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვამბობდით, რომ ელ-ნინიოს გავლენა შესამჩნევი გახდებოდა და ასეც მოხდა. ჩვენ ამ მოვლენის ზემოქმედების განაპირას ვართ და ამიტომ ჩვენთან ზუსტად წვიმებით გამოიხატება. სხვათა შორის, იაპონიაშიც, იმიტომ, რომ ისიც განაპირა რეგიონია. კონტინენტის ევროპულ ნაწილსა და ამერიკაში უფრო მაღალი ტემპერატურებია დაფიქსირებული. ელ-ნინიო ფორმირდება წყნარი ოკეანის ზედაპირზე რამდენიმე წელიწადში ერთხელ და ზემოქმედებას ახდენს თითქმის ყველა კონტინენტზე; ვრცელდება როგორც ჩრდილოეთისკენ, ასევე სამხრეთისკენ, თუმცა წლევანდელი გამოირჩევა და ამიტომ დაარქვეს სუპერ-ელ-ნინიო. იმიტომ, რომ უფრო მაღალი ტემპერატურით ხასიათდება, ჩვენთან ჯერჯერობით გამოვლენილია წვიმებით, თუმცა მიმდინარე კვირიდან ტემპერატურის მატებაცაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში – 34-36 გრადუსამდე, შეიძლება, მზეზე უფრო მეტიც დაფიქსირდეს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ კავკასიონი გვიცავს და ზუსტად აქედან გამომდინარე, ნალექად გადმოდის ჩვენთან.

წელს ძალიან დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა და მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი და ძლიერი წვიმები იქნება. კლიმატური მოვლენები ძალიან უცნაურად ვითარდება მსოფლიოში. აშკარაა, რომ პროცესები დაჩქარებულია და ეს გამოვლინდება მეწყრებში, ღვარცოფებსა და წყალმოვარდნებში. ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან მაღალი ტენიანობა თითქმის მთელ საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, პრობლემებს ქმნის“, – ამბობს ნინო ჩხობაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები