MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 43-ე დაჯილდოებაზე ჯორჯ მაიკლის ხსოვნისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი სპეციალური პერფორმანსი შედგება. ცნობილი გახდა, რომ ტრიბიუტში მონაწილეობას რეი, ტედი სუიმსი და sombr მიიღებენ.
ეს საგანგებო ნომერი ჯორჯ მაიკლის სადებიუტო სოლო ალბომის – Faith გამოსვლიდან მე-40 წელსა და საკულტო არტისტის გარდაცვალებიდან მე-10 წლისთავს მიეძღვნება.
მიუხედავად იმისა, რომ შერჩეული მუსიკოსების ვოკალურ მონაცემებს საზოგადოება უმაღალეს შეფასებას აძლევს, ორგანიზატორების გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკა გამოიწვია.
მუსიკალური ინდუსტრიის ინსაიდერებისა და თაყვანისმცემლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ,,ქვიარ აიქონად” მიჩნეული ჯორჯ მაიკლის ტრიბიუტში არცერთი ღიად ქვიარ არტისტი, მაგალითად, სემ სმიტი ან ტროი სივანი არ ჩართეს.
ჯორჯ მაიკლს MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ისტორიაში განსაკუთრებული და საკულტო ადგილი უკავია. ის ტელეკომპანიის ადრეული ეპოქის ერთ-ერთი მთავარი სახე იყო, რომელმაც შეცვალა მუსიკალური ვიდეოების ინდუსტრია და ვიზუალური ესთეტიკა.
სოლო კარიერის განმავლობაში, ჯორჯ მაიკლმა VMAs-ის 4, მათ შორის სპეციალური პრემია – ,,მაიკლ ჯექსონის სახელობის ვიდეო ავანგარდის ჯილდო” მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 1989 წლის დაჯილდოება, რომელზეც მას ეს საპატიო ჯილდო მიანიჭეს, პოპ-კულტურის ისტორიაში შევიდა მისი წარდგენის გამო. ჯილდო მას გადასცა მადონამ, რომელმაც სცენიდან იხუმრა:
„მას აქვს შესანიშნავი ხმა, ის შესანიშნავი სიმღერების ავტორია და ის აკეთებს ძალიან კლასიკურ ვიდეოებს… ზუსტად ჩემსავით! ქალბატონებო და ბატონებო, თავად დივა – ჯორჯ მაიკლი!“ – ამის შემდეგ ჯორჯ მაიკლმა სცენაზე მადონას ტუჩებში აკოცა, რამაც დარბაზის ოვაციები გამოიწვია.