LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ქარხნებში უკვე 5 მილიონზე მეტი რობოტი მუშაობს

118
ქირიას NEWS შაბლონი (6)

მსოფლიოს ქარხნებში უკვე 5 მილიონზე მეტი ინდუსტრიული რობოტი მუშაობს – ეს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთაშორისო რობოტიკის ფედერაციის (IFR) მონაცემებით, 2025 წელს მოქმედი ინდუსტრიული რობოტების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა და დაახლოებით 5,08 მილიონ ერთეულს მიაღწია. ამავე პერიოდში ქარხნებში 603 ათასი ახალი რობოტი დამონტაჟდა, რაც წლიურად 11%-იან ზრდას ნიშნავს.

IFR-ის პრეზიდენტის, ჯეინ ჰეფნერის განცხადებით, ინდუსტრიული ავტომატიზაცია სწრაფი ტემპით ვითარდება. ამჟამინდელი 5 მილიონიანი მაჩვენებელი შვიდი წლის წინანდელზე ორჯერ მეტია. ზრდის მთავარი ტემპი აზიაში ფიქსირდება, მას ამერიკის კონტინენტები მოჰყვება, ევროპაში კი ავტომატიზაცია შედარებით ნელა ვითარდება.

ევროკავშირში მოქმედი ინდუსტრიული რობოტების რაოდენობამ 2025 წელს პირველად გადააჭარბა 700 ათასს და 712 ათეულს მიაღწია. ეს ევროპაში მოქმედი რობოტების დაახლოებით 84%-ია. თუმცა, ახალი დანადგარების რაოდენობა ევროკავშირში 11%-ით შემცირდა და 60 500 ერთეული შეადგინა.

ევროპის ყველაზე დიდი ბაზარი გერმანიაა, სადაც ევროკავშირში დამონტაჟებული რობოტების 41% საქმიანობს. თუმცა, 2025 წელს ქვეყანაში ახალი რობოტების რაოდენობა 8%-ით შემცირდა და 25 ათასზე ნაკლები შეადგინა. ავტომობილების ინდუსტრია კვლავ ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, თუმცა ამ სექტორში წარმოების შემცირება ავტომატიზაციის მოთხოვნაზეც აისახა.

ამავდროულად, ჩინეთი ინდუსტრიული რობოტების დანერგვის მხრივ კიდევ უფრო დაწინაურდა. ქვეყანამ 2025 წელს 354 ათასი ახალი რობოტი დაამატა, რაც წლიურად 20%-იანი ზრდაა და მსოფლიოში დამონტაჟებული რობოტების 59%-ს შეადგენს. აშშ-მ კი იაპონიას გადაასწრო და მსოფლიოში მეორე უდიდესი ბაზარი გახდა – ქვეყანაში თითქმის 38 500 ახალი რობოტი დამონტაჟდა.

თუმცა, ინდუსტრიული რობოტების სწრაფი ზრდის პარალელურად, ჰუმანოიდი რობოტების ბაზარი ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. IFR-ის მონაცემებით, 2025 წელს მსოფლიოში ინდუსტრიული და პროფესიული გამოყენებისთვის მხოლოდ 7 ათასი ჰუმანოიდი გაიყიდა. ავტომწარმოებლები, რომლებიც მათ გამოცდიან, როგორც წესი, ათზე ნაკლებ ერთეულს იყენებენ.

მიუხედავად ამისა, ჰუმანოიდების მიმართ პროგნოზები საკმაოდ მასშტაბურია. Bank of America მიმდინარე წელს დაახლოებით 90 ათასი ჰუმანოიდის მიწოდებას, ხოლო 2030 წლისთვის 1,2 მილიონ ერთეულს პროგნოზირებს. ამასთან, ინდუსტრიის რეალური განვითარება აჩვენებს, რომ ჰუმანოიდებს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური და ეკონომიკური ბარიერები აქვთ გადასალახი.

ამის ერთ-ერთი მაგალითია Boston Dynamics-ი, რომელიც Hyundai-ს ეკუთვნის. კომპანია Atlas-ის ჰუმანოიდი ჯერ მასშტაბურად არ გამოიყენება, ხოლო თავად საწარმო მოგებიანი არ არის. Hyundai-ს მაღალჩინოსნის განცხადებით, Boston Dynamics-ი მომავალ წელს საფონდო ბირჟაზე გასვლას, სავარაუდოდ, აღარ გეგმავს.

სპეციალისტების შეფასებით, უახლოეს პერიოდში ყველაზე დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა შესაძლოა სწორედ ტრადიციულ ინდუსტრიულ რობოტებსა და სპეციალიზებულ ავტომატიზაციას ჰქონდეს. ქარხნები და საწყობები ისეთი გარემოა, სადაც კონკრეტული ამოცანისთვის შექმნილი რობოტების გამოყენება უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე ადამიანის მსგავსი უნივერსალური მანქანების დანერგვა.

ამგვარად, რობოტიკის ინდუსტრიის მიმდინარე სურათი უფრო მეტად უკვე მოქმედი ტექნოლოგიების სტაბილურ გაფართოებაზე მიუთითებს, ვიდრე ჰუმანოიდების სწრაფ მასობრივ გავრცელებაზე. მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ინდუსტრიული რობოტი უკვე ყოველდღიურად მუშაობს, ჰუმანოიდების ფართომასშტაბიანი გამოყენება კი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები