ქართველი დიზაინერის, ტელეწამყვანის, ჟურნალების GLAMOUR Georgia-სა და Wedding Fair-ის დამფუძნებლისა და რედაქტორის, თამთა კვარაცხელიას ბრენდი სახელწოდებით kvara უკვე გარკვეული პერიოდია, ფუნქციონირებს. ტელესახე ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს, თუ რა პრობლემები შეექმნა და რას ედავებიან ბრენდთან დაკავშირებით.
თამთა კვარაცხელია:
„ეს ბრენდი ჩემი დაფუძნებულია. ჩემი იდეა იყო ამ სახელწოდებით მოდის ბრენდის შექმნა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და მისი განვითარება, შესაბამისად, KVARA ჩემი საკუთრებაა. როდესაც განაცხადი შევიტანე საქპატენტში, ჩემი ბრენდი უკვე არსებობდა, ის უკვე იყიდებოდა, მუშაობდა და ჰქონდა თავისი ისტორია. ამის დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულებებიც მაქვს.
ერთ ძალიან ცნობილ და წარმატებულ ქართველს მოუნდა, რომ თავად ჰქონდეს ასეთი სახელწოდების სამოსის ბრენდი და ჩემი იდეა და ბიზნესი წამართვას. რაც, რა თქმა უნდა, გავასაჩივრე და საქმე სასამართლოში შევიტანე, რადგან მიმაჩნია, რომ ეს სახელწოდება და მასთან დაკავშირებული ჩემი უფლებები კანონიერად მე მეკუთვნის. საქმეში ჩემი ადვოკატები არიან ჩართული და ახლა საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. მე კი მზად ვარ, სამართლებრივად დავიცვა ის, რაც ჩემი იდეით, ჩემი შრომითა და ჩემი ინვესტიციით შევქმენი“.
თამთა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მოკლე კომენტარს აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით და წერს:
„მე, რომელიც ყოველთვის ვცდილობდი, სკანდალებში არ აღმოვჩენილიყავი, მგონი, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ისტორიაში აღმოვჩნდი.
არა უშავს… დანარჩენზე სასამართლოს ჩანიშვნის შემდეგ ვისაუბრებ…“
