2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს ავრცელებს და იმ მძიმე ემოციური მდგომარეობის შესახებ წერს, რაც მთელი ეს პერიოდი გამოიარა:
„სიცოცხლეს თუ აზრი აქვს შენ ხარ ჩემი აზრი გური, არ ვიცი ეს 12 წელი რამ გამაძლებინა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სიცოცხლე ჯოჯოხეთად მიქციეს, ცოცხლად დამმარხეს და გამანადგურეს, მიყვარხარ გური ძალიან, მიყვარხარ და მენატრები…“ – წერს სოფო ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.
