LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ ზურა გარდაიცვლებოდა, მეგონა, დრო ყველაფრის მკურნალი იყო…“ – როგორ იხსენებს მეუღლე ზურა დოიჯაშვილს

250
zura doijashvili

ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული და კოლორიტული სახე, ზურა დოიჯაშვილი, ხუთი წელია, რაც გარდაიცვალა, მისი შემოქმედება კი დღემდე ცოცხლობს და კვლავ უყვარს ქართველ მსმენელს.

ცხოვრებაში შექმნილი პრობლემების გამო სიცოცხლის ბოლო წლები მომღერალმა ისრაელში გაატარა. იქაც ბევრი მეგობარი დახვდა, არც კონცერტები აკლდა, მაგრამ თავისი თბილისი ენატრებოდა. წუხდა, დარდობდა, ფიქრობდა დაბრუნებაზე. სამწუხაროდ, ვერაგმა დაავადებამ ნატვრის ასრულება არ აცალა. როცა ძალიან დამძიმდა და აპარატზე აერთებდნენ, მისი ბოლო სიტყვები იყო, ნუთუ, ჩემი თბილისის ქუჩებში ვეღარ გავივლიო…

გავლით ვეღარ გაიარა, მაგრამ მისი ნეშტი თბილისის მიწამ ჩაიხუტა. მახათას მთის პანთეონში ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.

მომღერლის მეორე ნახევარი, ქეთი ვადაჭკორია, საყვარელი ადამიანის გარეშე და ამავე დროს მასთან ერთად ცხოვრებაზე ჟურნალ „სარკეს“ უამბობს.

_ როცა ამბობდნენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მეც ასე მეგონა, სანამ ზურა არ გარდაიცვალა. დრომ არ მიშველა, პირიქით, უფრო დამამძიმა, უფრო მენატრება. მინდა, მისი ხმა გავიგონო, მისი სიცილი, მისი თვალები დავინახო. მის გარეშე ცხოვრება ნაცრისფერია.

ზურას გაღვიძება მზის ამოსვლას ჰგავდა, მხიარული, ღიმილიანი ღიღინით ადგებოდა, მოგვეფერებოდა, გაგვეხუმრებოდა. რაც უნდა პრობლემა გვქონოდა ოჯახში, მეტყოდა, გაიღიმე, ქეთუშ, ამასაც გადავლახავთო. იმედიანი იყო. ეს იმედი, ეს საყრდენი გამომეცალა.

მაგრამ ხალხში დიდი სიყვარული დატოვა. ეს სიყვარული არ განუგეშებთ?

ვიცოდი, რომ ზურა უყვარდათ, მაგრამ ასეთ სახელს თუ დატოვებდა და ამდენი წლის შემდეგაც ასეთი სიყვარულით გაიხსენებდნენ, არ ველოდი. ზოგადად გარდაცვალების შემდეგ იოლად ივიწყებენ ადამიანებს, ზურა კი ისევ ახსოვთ და ეს ჩემს გულს ძალიან ათბობს. დღე არ გავა, რომელიმე მისი თაყვანისმცემელი არ შემეხმიანოს, არ მომწეროს, ზურას ვიდეო ან სიმღერა არ ჩამიგდოს.

მართლაც სახალხო იყო, დიდი გული ჰქონდა, ყველა უყვარდა, ყველას ეფერებოდა. ვამბობ ხოლმე, რომ თუ გინდა, ხალხმა არ დაგივიწყოს, ისე უნდა იცხოვრო, როგორც ზურა ცხოვრობდა.

დიდი სიყვარულით იცხოვრეთ, მაგრამ ოჯახი არ არსებობს კამათისა და უსიამოვნების გარეშე. როგორი იყო გაბრაზებული ზურა?

მე ასეთი არ მინახავს. როგორ არ გვიკამათია, გვიჩხუბია კიდეც. ყოველთვის მე ვიყავი ბუზღუნა, კამათის წამომწყები. ზურა არ მყვებოდა, ხმას არ აუწევდა, სულ იუმორში გადაჰქონდა ჩემი ნათქვამი. ვერ გავებუტებოდი, ამის საშუალებას არ მაძლევდა. ისე გამეხუმრებოდა, ისეთ სცენას დადგამდა, მაშინვე გამეცინებოდა და გაბრაზებაც გადამივლიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები